გიორგი გახარია - დარწმუნებული ვართ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართლიანობა შედგება
გიორგი გახარია - დარწმუნებული ვართ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართლიანობა შედგება

დარწმუნებული ვართ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართლიანობა შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ან პოლიტიკური ძალა, რომელსაც აინტერესებს ობიექტური შედეგი მართლაც მძიმე ტრაგედიაზე, რომელმაც ეს ქალაქი შეძრა, აქ კი არ დააყენებდა შეკითხვებს, არამედ მიიღებდა მონაწილეობას საპარლამენტო კომისიის მუშაობაში. ჩვენ სწორედ ამიტომ ვთქვით და მე სწორედ ამიტომ შევიკავე თავი ჩემს გამოსვლაში ამ თემაზე საუბრისგან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სულ რაღაც რამდენიმე დღეში პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია იწყებს მუშაობას და ასევე შსს-შიც გრძელდება საქმის გამოძიება.

„ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, დეკემბრის დასაწყისში იყო უმძიმესი დღეები. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს უდიდესი პრობლემა ჰქონდა ერთი ძებნილის დაკავების. ეს იყო უმძიმესი დღეები მთლიანად მთელ სამინისტროში და ქალაქის პოლიციაში. ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალური რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, თუმცა კანონმდებლობის მხრიდანაც ვიყავით შეზღუდულები. საქმე ეხებათ არასრულწლოვნებს. გვქონდა ძალიან მკაცრი ვადები და შესაბამისად, ჩვენ გამოვყავით ცალკე საქმე, როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო და დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდგომ უკვე სასამართლო პროცესზე ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა ახალი დამატებითი გარემოებები. სწორედ ამ ახალი და გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში ახალი ბრალდბულები გვყავს. დღეს გამოძიება და შსს ემზადებიან ყველანაირი განვითარებისთვის. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოსტულატები”, – განაცხადა გახარაიამ.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესებში ძალიან ბევრი ახალი ჩვენება გამოჩნდა და ამ საქმეში უკვე ცხრა ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული.

„ჩვენ აღვასრულებთ სამართლიანობას. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, დღეს თუ გვაქვს ჩვენ საშუალება, დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული ყველა ის ნიუანსი, რომელიც შემჭიდროვებული ვადების გამო იმ მომენტში ვერ მოხდა. პარასკევიდან კომისია იწყებს მუშაობას. ყველა დაინტერესებული მხარე და მათ შორის შსს, აბსოლუტურად ღიად ითანამშრომლებს ამ კომისიასთან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, სამართლიანობა შედგება ამ საქმეზე”, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი