გიორგი გახარია - ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, სიმღერას, ღვინოს, სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა
გიორგი გახარია - ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, სიმღერას, ღვინოს, სტუმარ-მასპინძლობას უნდა დავუმატოთ ძლიერი ბრენდი - საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა

საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი „პისიარ“ ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საქართველოში ვერ შემოვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის გახსნის, იგულისხმება ე.წ. სუფთა დერეფნები და არა, ქვეყანაში ხალხის უკონტროლო შემოსვლა.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის გახსნის, აქ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსენით და ეს ხალხი ასე უკონტროლოდ შემოვიდა, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სუფთა დერეფნებზე, რომლის შესახებაც მერწმუნეთ, ვსაუბრობთ ძალიან მაღალ დონეზე, დეტალურად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მას გუშინ ჰქონდა საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხზე და ისრაელის მხრიდან დაინტერესება ძალიან სერიოზულია.

„შემიძლია, გითხრათ, რომ გუშინ მე მქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ზუსტად ამ თემაზე და იქედან დაინტერესება ძალიან სერიოზულია. ოღონდ, ამასთან ერთად აინტერესებთ ჩვენი მენეჯმენტი როგორია, როგორ ვიცავთ ჩვენს სივრცეს, ქვეყანას ვირუსის გავრცელებისგან, განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, როდესაც ყველა ხედავს, რა ხდება მეზობლებთან. ამიტომ აქ ინტერესი ძალიან სერიოზულია და ჩვენ სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმარი, ტურისტი არ დადგება რისკის ქვეშ. ამიტომ იქნება მწვანე კორიდორები. ეს ტექნოლოგიები, პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში.

მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი „პისიარ“ ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში უკვე „კოვიდპასპორტის“ თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა,  ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით სწრაფი „პისიარ“ ტესტების აღების შესაძლებლობას, თუ ასეთი იშვიათი შემთხვევები გვექნება, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება, მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი წესი იქნება დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში, რომლებსაც ასევე ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ნებართვა შემოწმების შემდგომ, რომ ისინი ითვალისწინებენ და დანერგილია ყველა პროტოკოლი – სკრინინგი, ქეთერინგი, ტრანსპორტი და სხვა ყველაფერი.

„სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ რეპუტაციულად, ჩვენი ტურიზმის ბრენდს და სექტორს ვაყენებთ რისკის ქვეშ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე.  პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სამზარეულოს, ღვინოს, სიმღერას, სტუმარ-მასპინძლობას, ყველაფერს, უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი – საქართველო, როგორც COVID FREE და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა. ეს იგივე შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ კრიზისზე, როგორც შესაძლებლობაზე და ტურიზმში ამის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სწორი მართვის შემთხვევაში, საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი შესაძლოა, გაძლიერდეს.

„საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, თუ ჩვენ სწორად ვმართეთ ეს ეტაპი, ვირუსის მართვის და ადაპტაციის, შეიძლება, გამოვიდეს უფრო გაძლიერებული. რამდენიმე კითხვაც იყო, რას უშვებით ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ამდენ ადამიანს, მათი პროფილის შეცვლაზე ხომ არ ვიფიქროთ – ჯერ არ უნდა ვიფიქროთ, ჯერ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის პირველი, ეფექტურად და დამატებითი ღირებულება ტურიზმში ჩვენ მართლა შეგვიძლია, გავზარდოთ, რადგან მეტი გადახდისუნარიანი ტურისტის შემოყვანა იქნება შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ხუთ ვარსკვლავიანი, მაღალი დონის სასტუმროების რაოდენობა საქართველოში ბევრად გაიზარდა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.