გიორგი გახარია - ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები
გიორგი გახარია - ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და მიიღო ინფორმაცია, რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო 2019-2020 სასწავლო წელს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი.

როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი გახარია სამინისტროების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს, რათა უწყებებში არსებული დინამიკის შესახებ კონკრეტული ცნობები მიიღოს.

„ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და კიდევ ბევრი რამ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა აშენდეს და ხალხმა ეს უნდა იგრძნოს. არ შეიძლება, მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს შედეგი დადგება 10 წლის შემდეგ. ეს არასწორი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პრემიერს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ. მათ შორისაა ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლების მოთხოვნის შესაბამისად შეტანილი ცვლილებები, რაც სკოლას მეტ ავტონომიას და საგაკვეთილო ბადის საკუთარ რეალობაზე მორგების საშუალებას აძლევს.