გიორგი გახარია - ჩვენი რეგიონი უფრო მეტი რისკის შემცველი ხდება და საზღვრის მართვის მიმართულებით ცვლილებებია საჭირო
გიორგი გახარია - ჩვენი რეგიონი უფრო მეტი რისკის შემცველი ხდება და საზღვრის მართვის მიმართულებით ცვლილებებია საჭირო

ჩვენი რეგიონი სულ უფრო და უფრო მეტი რისკის შემცველი ხდება და საზღვრის მართვის მიმართულებით გარკვეული ცვლილებებია საჭირო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ განაცხადა.

„რეგიონში სიტუაცია იცვლება. ჩვენი რეგიონი საკმაოდ მაღალი ხარისხის რისკებს გენერირებს. სწორედ ამიტომ დავაანონსეთ რეფორმა სასაზღვრო პოლიციაში, რომლის ძირითადი მიზანი საზღვრის ეფექტური ინტეგრირებული მართვა გახლავთ და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ. საზღვრის ეფექტურ ინტეგრირებულ მართვას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება, რომლის მობილიზებასაც მაქსიმალურად ვცდილობთ“, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან საზღვრის კომპონენტი ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას საჭიროებს.

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტულ სექტორებზეა გათვლილი და სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რამეთუ ეს საერთო ინტერესია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.