გიორგი გახარია - ჩვენი რეფორმებისა და ნაბიჯების მიზანი არა სტატისტიკური მონაცემების, არამედ ხარისხის გაუმჯობესებაა 
გიორგი გახარია - ჩვენი რეფორმებისა და ნაბიჯების მიზანი არა სტატისტიკური მონაცემების, არამედ ხარისხის გაუმჯობესებაა 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მთელი რიგი რეფორმები ხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი, რასაც შედეგად საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შსს-ში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„ამ რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მიზანი გახლავთ შსს-ში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების ძირითადი მიმართულება მიზნად ისახავდა  სპეციალიზაციის განსაზღვრას და როგორც პასუხისმგებლობის, ასევე მიმართულებების კონკრეტულ დაყოფას საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიულ სამუშაოებად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შსს-მ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა, რასაც პირველი შედეგებიც აქვს.

„თუმცა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი გახლავთ, ვისაუბროთ საგამოძიებო კომპონენტში მიმდინარე რეფორმების ხასიათზე, ხარისხზე და მათ მიმდინარეობაზე. გვინდა, ძალზე მნიშვნელოვანი და რთული წამოწყების თქვენთან ერთად განხილვა. დავიწყოთ იმით, რომ შევაფასოთ სტატუსი, ის წერტილი, საიდანაც ამ რეფორმებს ვიწყებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ კონფერენციაზე.

როგორც მან განმარტა, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, საგამოძიებო კომპონენტსა და საერთოდ, კრიმინალურ პოლიციაში რეფორმები არ განხორციელებულა, რაც სერიოზულ გავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე.

„ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დღევანდელი რეფორმებისა და ნაბიჯების მიზეზი და მიზანი არ გახლავთ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ხარისხი. ვეცადეთ, ამ რეფორმების განხილვაში მაქსიმალურად ჩაგვერთო დაინტერესებული სოციალური, პოლიტიკური, პროფესიული ჯგუფები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, რათა კონსენსუსი იყოს მაქსიმალურად ფართო“, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა საგამოძიებო ნაწილში კვალიფიკაციის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამას თავისი ობიექტური ახსნა აქვს.

„ჩვენი რეფორმების საწყის ეტაპად უნდა ვაღიაროთ, რომ ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ კვალიფიკაციის პრობლემებს საგამოძიებო ნაწილში, ვსაუბრობ შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნაც, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, როგორც პრაქტიკაში, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, შსს გამომძიებელი ფაქტობრივად, სრულად დამოკიდებულია პროკურორზე. ამ ნაწილში ეს არის ერთობლივი პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ შეუძლებელია პასუხისმგებლობისა  და კომპეტენციის ზრდა იქ, სადაც უფლებამოსილების ნაწილი არ იქნება უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი.

შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, როდესაც საუბარია რეფორმაზე, აუცილებელია აღნიშნოს უფლებამოსილების გადანაწილების საკითხიც, როგორც პრაქტიკულ, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს დონეზე.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შსს-ში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონფერენცია თემაზე – „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ გიორგი გახარიამ გახსნა, სადაც შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა.