გიორგი გახარია - ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე დღეში 10 000 „პისიარ“ ტესტის გაკეთება შეგვეძლოს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა
გიორგი გახარია - ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე დღეში 10 000 „პისიარ“ ტესტის გაკეთება შეგვეძლოს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეკონომიკურად ძალიან უჭირს და მოქალაქეებისთვის ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვა სერიოზული პრობლემაა.

გახარიას თქმით, მთავრობას ესმის საკუთარი პასუხისმგებლობა, რაც მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ უნდა შექმნან სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და ნორმალურ ცხოვრებაში დააბრუნებს.

„თქვენ, ყველამ ჩემზე უკეთესად იცით, რომ საქართველო დღეს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა. ეკონომიკურად საქართველოს საკმაოდ უჭირს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს. მათთვის ყოველდღიური შემოსავლის არ ქონა, გაქრობა, შეზღუდვა, სერიოზული პრობლემაა.

ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოზე, მთავრობაზეა და ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში. ამიტომ, დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით.

შემიძლია გითხრათ, რომ თუ, მაგალითად დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ლუგარის ლაბორატორია, რომელზეც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ს, მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში. თუდააავდებათა კონტროლის ცენტრი კრიზისის, ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში აკეთებდა 100-150 „პისიარ“ ტესტს, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 „პისიარ“ ტესტი“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, მათი ამოცანაა, წლის ბოლომდე დღიურად ჩატარებული „პისიარ“ ტესტების რაოდენობა გაიზარდოს.

„ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე საქართველოში უნდა შეგვეძლოს 10 000 „პისიარ“ ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“,- აღნიშნა გახარიამ ლოპოტაზე ელჩებთან შეხვედრისას.