გიორგი გახარია - ჩვენი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა
თავდაცვის მიმართულებით აქტიური ნაბიჯებია გადადგმული და დღეის მდგომარეობით, თავდაცვის სისტემის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატო-ს ფარგლებში არის ყველაზე ეფექტური და წინ წასულია თანამშრომლობა. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-ს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯარისკაცებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, ბოლო თვეების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის ფარგლებში გადამზადდა ექვსი ქვეითი ბატალიონი, სამი ბატალიონი გადამზადდება 2021 წელს ბოლომდე – ეს არის ის პროგრამა, რომელიც ქართველ ჯარს ამზადებს ქვეყნის ეფექტური თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და იმისთვის, რომ იყოს მობილური სწრაფი და ეფექტური. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო არის უაღრესად აქტიური. შემდგომ წლებშიც ეს იქნება კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო გახშირებული თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები. სამხედრო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თითოეული ჩვენი ჯარისკაცისთვის – ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, დაწყებული ანაზღაურების გაზრდით, სადაზღვეო პაკეტების გაუმჯობესებით, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმით და საერთოდ ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშის, შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში და ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება – რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.