გიორგი გახარია - ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ამ ქვეყანაში
გიორგი გახარია - ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ამ ქვეყანაში

ყველა სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, არის გადადგმული ნაბიჯი, რათა ჩვენს ეკონომიკას, თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკლისებით გამოვიდეს კრიზისიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

მისივე თქმით, კრიზისი არის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა გაუმკლავდეს გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, ჩატარდეს შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები.

„კრიზისი არის ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ქვეყანაში არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობები, გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კრიზისის შემდეგ, ისე როგორც 2008 წლის შემდგომ, ათობით ათასი ადამიანი არ გაღატაკდეს, რადგან მათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად კონკრეტული თანხები გადაიხადეს და საკუთრებების გარეშე დარჩნენ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო ძლიერი იყოს.

რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, რომ „კოვიდ-19“ სამწუხაროდ, იქნება ჩვენთან და უნდა შევძლოთ ადაპტაცია, რისკების მართვა, რათა არასდროს მოგვიწიოს ისეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება, როგორც ბოლო 2 თვეში.

გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ. ეს არ იქნება მარტივი, მოგვიწევს ყოველდღიური შრომა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთად ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ქვეყანაზე უახლოესი ექვსი თვე, რომელიც იქნება უკიდურესად რთული, როგორც ეპიდემიის, ისე ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ამ ქვეყანაში“, –  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი