გიორგი გახარია - ჩვენ კავშირზე ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება რეგიონში
გიორგი გახარია - ჩვენ კავშირზე ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება რეგიონში

მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი მთავრობის სხდომაზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ჩვენგანის ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან და დღემდე, სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. საბედნიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უახლოეს კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღემდე, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავის პარტნიორებთან, ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება, შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, მისი წარმომადგენლობების – საკონსულოების, საელჩოების საშუალებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება, დღეს დაძაბულობის ზონაში იმყოფებოდეს, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.