გიორგი გახარია - ჩვენ ერთად, შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ერთიანობა აღვადგინოთ
გიორგი გახარია - ჩვენ ერთად, შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში ერთიანობა აღვადგინოთ

სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს. აქ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი და ჩვენ ამ პროექტსაც დაავიწყებთ. აქ ასევე უნდა იყოს სპორტული კომპლექსი, რომელსაც ავაშენებთ. ამ ყველაფერს დავიწყებთ 2021 წელს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ერთად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, სენაკში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა, ყველამ ერთად იშრომოს ყოველდღიურად, რათა სენაკში ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს თბილისში, დიდ ქალაქებში, ევროპაში. მისივე თქმით, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანით.

„მე აქ ბავშვობა მაქვს გატარებული და ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია და პასუხისმგებლობა თქვენთან ჩვენი კუთხის, სამეგრელოს, სენაკის, საქართველოს მომავალზე საუბარი. განსაკუთრებით აქ, ნოქალაქევში, არქეოპოლისში, ციხეგოჯში, რომელიც ჩვენი წარსულის ყველაზე დიდი მაგალითია. ანტიკური პერიოდიდან აქ ვითარდებოდა ცივილიზაცია. განსაკუთრებით აქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას აბსოლუტურად სულ სხვა ფასი აქვს. სენაკში, რომელმაც სამშობლოს აჩუქა სამი ეროვნული გმირი და ეს ის ხალხია, რომელთა წინაშეც ჩვენ ქედიც უნდა მოვიხაროთ და მათი ცხოვრების პრინციპები და ფასეულობები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ეს არის ის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას განვაგრძოთ ცხოვრება წარმატებულად და გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, როგორც ჩვენ ჩვენს თავს ვთვლით, მაგრამ ამის გასაკეთებლად ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. ვიშრომოთ იმისთვის, რომ სენაკში ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს თბილისში, დიდ ქალაქებში, ევროპაში, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანით. ყველა ვხედავთ, რომ ასე თუ ისე გზები მოგვყავს წესრიგში, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის დასასრულებელი. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება სულ უფრო და უფრო ხდება მნიშვნელოვანი პრობლემა, ისევე როგორც, საირიგაციო სისტემები, ისევე როგორც სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობა და რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობას, მომავალი 4 წლის განმავლობაში აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს თითოეულ მუნიციპალიტეტში რა და რა პერიოდში უნდა გაკეთდეს“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში მთავრობა დახარჯავს 20 მილიარდ ლარს, ვინაიდან, ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტების, სოფლების დონეზე კომფორტული პირობების შექმნა, ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

„ბოლო წლების განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯულია დაახლოებით 70 მილიონი ლარი. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში მთავრობა დახარჯავს 20 მილიარდ ლარს. ეს იქნება მინიმუმ ოთხჯერ, ან ხუთჯერ უფრო მეტი, ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტზე, ვიდრე ეს იყო გაკეთებული ბოლო 8 წლის განმავლობაში. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტების, სოფლების დონეზე კომფორტული პირობების შექმნა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანის გარდა, რაც გულისხმობს გაზს, წყალს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი პირობები ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ შრომისმოყვარე ადამიანებმა შეძლონ, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ამისთვის ვაკეთებთ იმ პროგრამებს, რომლითაც ვეხმარებით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ბედავს და პირველ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში, ყველა იმ გლეხს, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა, გახდეს ძლიერი ფერმერი და აფართოებს თავის მეურნეობას და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. სენაკში ბევრი პროგრამაა დაწყებული. ბევრი პრობლემა იყო თხილთან დაკავშირებით, თუმცა სიტუაცია უკვე ასე თუ ისე უმჯობესდება. სენაკს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს. აქ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი და ჩვენ ამ პროექტსაც დაავიწყებთ. აქ ასევე უნდა იყოს სპორტული კომპლექსი, რომელსაც ავაშენებთ. ამ ყველაფერს ჩვენ დავიწყებთ 2021 წელს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ერთად“,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ოკუპაციაზე ისაუბრა და მას ქვეყნის მთავარი გამოწვევა უწოდა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას და შეუძლებელია საქართველოს სწრაფი განვითარება, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გარეშე.

„ის, რასაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევას ვეძახით, ეს არის, რა თქმა უნდა, ოკუპაცია. ჩვენი მთავარი მიზანი, განსაკუთრებით აქ, სამეგრელოში და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების, არამედ საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის წარმატებაც არის, ჟიული შარტავას სამშობლოში, გენო ადამიას სამშობლოში და გურამ გაბისკირიას სამშობლოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ოკუპაციას ვერასოდეს ვერ დავივიწყებთ. ყოველთვის რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ, ახალ პროექტს ვიწყებთ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას. შეუძლებელია საქართველოს სწრაფი განვითარება, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გარეშე. ეს ოკუპაცია ყოველთვის იქნება ჩვენი წინსვლის, ჩვენი განვითარების ყველაზე დიდი შემზღუდველი ფაქტორი. ამიტომ, ჩვენ ერთად, შრომით და მშვიდობიანად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ აღვადგინოთ ერთიანობა ქვეყანაში. ამისთვის გვჭირდება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სიმშვიდე და ამ სიმშვიდისთვის გვჭირდება ჩვენ 31 ოქტომბერს გამარჯვება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ხახუბია იქნება ღირსეული ხმა თითოეული სენაკელის ჩვენი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში და რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველა ერთად, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ გამარჯვებას მივაღწიოთ პირველივე ტურში. გამარჯვებას გისურვებთ სენაკელებო!“,- განაცხადა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი