გიორგი გახარია - ჩვენ დიდ პატივს ვცემთ წინადადებას, რომელიც საქართველოს მხარდამჭერ აქტში შესაძლო სანქციების დაწესებას ეხება
გიორგი გახარია - ჩვენ დიდ პატივს ვცემთ წინადადებას, რომელიც საქართველოს მხარდამჭერ აქტში შესაძლო სანქციების დაწესებას ეხება

საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრა, თან ერთხმად, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის მიღებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

„მინდა, აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრა, თან ერთხმად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას,  რომელიც ჩვენ გვაქვს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორთან. აქვე მინდა აღვნიშნო რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი,  რომელიც ამ აქტშია ხაზგასმული“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, პირველი საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა.

„ასევე ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმულია საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის გაძლიერების აუცილებლობა და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც გამოთქმული იყო ამ აქტში შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტი.

„ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ აქტის ეკონომიკური კომპონენტი, სადაც ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება. ეს ყველაფერი სრულად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

ასევე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმების, წარმატებული დემოკრატიზაციის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენ იგივე შემართებით, კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით, კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.