გიორგი გახარია - ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც, ოქუაშვილი კი გადაიხდის საქართველოს ბიუჯეტში, რაც ეკუთვნის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებს ერთი მსახიობის თეატრსა და ღიმილის მომგვრელს უწოდებს.
„ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ ისურვებს, ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოქუაშვილს მოუწევს თითოეული თეთრისა და ლარის გადახდა, რომელიც ბიუჯეტში აქვს გადასახდელი“, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება შეხვედრას, რომელზედაც ოქუაშვილმა ისაუბრა, გახარია აცხადებს:
„შეხვედრა შედგა. მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ვიყავი ძალზე ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ პერიოდში სამწუხაროდ, დააგროვა ვალი ბიუჯეტში. პირადად ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან -ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც. ოქუაშვილი გადაიხდის თითოეულ თეთრსა და ლარს საქართველოს ბიუჯეტში, რაც ეკუთვნის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.