გიორგი გახარია ბუბა კიკაბიძეზე - ზუსტად ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ადამიანის ბედი არავის ადარდებს 
გიორგი გახარია ბუბა კიკაბიძეზე - ზუსტად ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ადამიანის ბედი არავის ადარდებს 

ბუბა კიკაბიძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. ადამიანი ასაკშია, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ადამიანის ბედი არავის ადარდებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად ნამღერ „თბილისოსთან“ დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, გუშინდელ აქციაზე გამომსვლელი ხალხის დონემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს.

„ორ რამეს ვიტყვი – გუშინ უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული და გეტყვით რატომ. მეორე – ქვეცნობიერია, ჩვეულებრივ ქვეცნობიერი. ვიდრე სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგარმა ერთმა ადამიანმაც კი, რომ გამოსულიყო და კომენტარი გაეკეთებინა. აი, სოციალურ მედიაში რომ ატყდა ერთი ამბავი, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა. ამიტომ არის ეს ქვეცნობიერი, დარწმუნებული ვარ ამაში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დამწყდა გული – ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ადამიანი ასაკშია, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ადამიანის ბედი არავის ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ.

სამწუხაროდ, აი, ასე ვაფასებ ამას და კიდევ ერთს დავამატებდი – გუშინდელმა ამ აქციამ, მათ შორის იქ გამომსვლელი ხალხის დონემაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს. ეს პოსტსაბჭოთა საბჭოური პოლიტიკური ელიტა, რომელიც 30 წელია ქვეყანამ ვერ მოიშორა, უნდა დამთავრდეს. სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, რადგან რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, პროდასავლური, კარგი, დასავლური განათლებით, და არა ის, რუსული ნარატივი, რაც გუშინ ვნახეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე გუშინ პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა, რის შემდეგაც მან განმარტა, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე. როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმღერა, რათა რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო.

დატოვე კომენტარი