გიორგი გახარია - ბოლო წლების განმავლობაში, როგორც კი არჩევნები ტარდება, მუდმივად გამოდის ზოგიერთი ორგანიზაცია და ამბობს, რომ შემომწირველი კომპანია ტენდერებს იგებს
გიორგი გახარია - ბოლო წლების განმავლობაში, როგორც კი არჩევნები ტარდება, მუდმივად გამოდის ზოგიერთი ორგანიზაცია და ამბობს, რომ შემომწირველი კომპანია ტენდერებს იგებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია 2020 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხებზე.

გიორგი გახარიას შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, წინასაარჩევნო პერიოდში, ზოგიერთი ორგანიზაცია მუდმივად აცხადებს, რომ მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები მუდმივად იგებენ ტენდერებს.

„უბრალოდ დაინტერესდით, ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში, როგორც კი არჩევნები ტარდება, გამოდის ზოგიერთი ორგანიზაცია და ამბობს, რომ შემომწირველი კომპანია შემდგომ იგებს ტენდერებს. მეგობრებო, თუ სადმე მსგავსი კანონდარღვევაა, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რათა მათი პირველად ნათქვამი სიტყვა, მათი ვერსია ბოლომდე მიიყვანონ და ქვეყანაში ამისთვის არსებობს ყველაფერი.

ძალიან კარგად მახსოვს, ყველა არჩევნების წინ, ერთი ან ორი კვირით ადრე, ხდება ეს ერთი და იგივე. წლების განმავლობაში თუ ჩვენ ამ ერთ პრობლემას ვერ მოვერიეთ, მიუთითებს იმაზე, რომ ან ეს პრობლემა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და ვიღაც ამას იყენებს უბრალოდ წინასაარჩევნო კონტექსტში, რაღაც აურზაურის და საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, ან ცოტა უფრო ეფექტური სამოქალაქო ორგანიზაციები გვჭირდება ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.