გიორგი გახარია - ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ პენსიები
გიორგი გახარია - ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ პენსიები

საპენსიო რეფორმა არის გრძელვადიანი, სისტემური რეფორმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე.

გახარიას შეფასებით, აღნიშნული რეფორმა დადებითად ვითარდება და მისი შედეგები წლების შემდგომ იქნება.

„არსებობს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, პენსიონერები, რომლებზეც სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, მათ განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება და გავზარდოთ პენსიები. თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის მაინც ფუნდამენტური სისტემური ცვლილება, მათი საპენსიო უზრუნველყოფის გარკვეული წესების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. ვეცდებით, აქაც გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. თუმცა გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები და ერთმნიშვნელოვნად იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ ჩვენი პოზიციის გაცვლას სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, ვეცდებით ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, როდესაც საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა არ იყოს პოლიტიკური სპეკულირების თემა და პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება პრინციპების დონეზე გარკვეული წესების დანერგვა სახელმწიფო-სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პენსიონერების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობა ამ თემით პარლამენტს ბიუჯეტის დამტკიცების ფარგლებში დაუბრუნდება.