გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა გვასწავლა, რომ შენი ქვეყნის, ხალხის მსახურება არის ყველაზე დიდი ღირსება და შესაძლებლობა
გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა გვასწავლა, რომ შენი ქვეყნის, ხალხის მსახურება არის ყველაზე დიდი ღირსება და შესაძლებლობა

ბიძინა ივანიშვილის გუნდის ძირითადი მიზანი არის ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის ძირითადი ხელწერაა საკუთარი ხალხისა და ქვეყნისთვის შრომა.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდმა მოიარა ჩვენი ქვეყნის თითოეული ქალაქი, დაბა, სოფელი. ვესაუბრეთ უამრავ მოქალაქეს, სხვადასხვა ასაკის, რელიგიური მრწამსის და ფასეულობების ადამიანებს. ყველაზე მთავარი აქ იყო ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთავარია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა გრძნობდეს თავისი ხალხის ტკივილსაც და სიხარულსაც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდის თითოეულ წევრს, საარჩევნო შტაბის თითოეულ წევრს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად ყოველდღიურად შრომობდნენ.

ეს არის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომლის ძირითადი მიზანი არის ზრუნვა და შრომა ადამიანებისთვის. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ამ გუნდის ძირითადი ხელწერაა, შრომა, კიდევ ერთხელ შრომა, მაგრამ არასოდეს არავისგან მოგვითხოვია მადლობა და არც დავლოდებივართ ამ მადლობას. ბატონმა ბიძინამ გვასწავლა, რომ შენი ქვეყნის და შენი ხალხის მსახურება არის ყველაზე დიდი ღირსება და შესაძლებლობა“, – განაცხადა გახარიამ.