გიორგი გახარია - აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ვგეგმავთ, ირანიდან ჰეროინის ტრაფიკს ​ერთობლივად ვებრძოლოთ
გიორგი გახარია - აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ვგეგმავთ, ირანიდან ჰეროინის ტრაფიკს ​ერთობლივად ვებრძოლოთ

აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ვგეგმავთ, ირანიდან ჰეროინის ტრაფიკს ​ერთობლივად ვებრძოლოთ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რამილ უსუბოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებასა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრეს.

„ჩემს კოლეგასთან შეხვედრა მქონდა. უფრო დეტალური განხილვები გვექნება. საკითხი არის საზღვრის მართვა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნარკოტრაფიკის კონტროლი. ამ მიმართულებით გამოწვევები საკმაოდ დიდი და მაღალია, განსაკუთრებით ირანის ფაქტორის გათვალისწინებით. ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ, რომ კონკრეტულად ირანიდან ჰეროინის ტრაფიკს ​ერთობლივად ვებრძოლოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ნარკოტრაფიკი სერიოზული გამოწვევაა და ამ მიმართულებით მხოლოდ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაა გამოსავალი. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ სახელმწიფოებს მსგავსი ტრანზიტის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლა გაუჭირდებათ.

გიორგი გახარიამ და რამილ უსუბოვმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ტურისტული ნაკადების გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები.

გიორგი გახარია ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

დატოვე კომენტარი