გიორგი გახარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და  თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში.

„ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის შორის  სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ორივე ქვეყნის ინტერესი რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.