გიორგი გახარია - ასე თუ ისე, ვირუსს შედარებით ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ
გიორგი გახარია - ასე თუ ისე, ვირუსს შედარებით ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ

ჩვენ ასე თუ ისე, ვირუსს შედარებით ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სასტუმროს და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისწავლონ ვირუსთან ადაპტაცია, რადგან არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, და ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, განვითარდეს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, თქვენთან ერთად ამ ვირუსთან გამკლავება. ყოველთვის ვამბობდი თავიდანვე, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე – პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. უნდა გავიაროთ ადაპტაცია და უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში, ეკონომიკურად. შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი, ახალ სამწუხარო პირობებში, მაგრამ, ეს არის ის, რაც ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე.

რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, შევეგუოთ დისტანციურ შრომას, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რა პირობებშიც ჩვენ შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ეტაპობრივ და ძალიან ფრთხილ გახსნას.

ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე ორმხრივ ფორმატში ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, რომ შევქმნათ უსაფრთხო კორიდორები. ჩვენ ასე თუ ისე, ვირუსს შედარებით ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის, რომ გავუმკლავდით ან გავიმარჯვეთ“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.