გიორგი გახარია - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა რაც შეიძლება ახლო პერიოდში მოხდება, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ დავასახელებ
გიორგი გახარია - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა რაც შეიძლება ახლო პერიოდში მოხდება, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ დავასახელებ

იმისთვის, რომ სწორი მოლოდინები გავაჩინოთ, უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა რაც შეიძლება ახლო პერიოდში მოხდება. თუმცა, კონკრეტულ ვადას დღეს ვერ დაგისახელებთ, – ამის საქართველოს შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ძირითადი ამოცანა ჩვენი მოქალაქისთვის პატივის მიგებაა, ისე, როგორც მას შეეფერება. გარწმუნებთ, ამ პროცესში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტია ჩართული. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ჩვენ გვაკისრია და შეგვიძლია ვთქვათ, ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება. ამ მიზანს მივაღწევთ, თუმცა, გარკვეული პერიოდი უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი, რომელიც დღეს ყველაზე ტრაგიკულ მდგომარეობაშია, ამ საქმეს ყველაზე დიდი თვითშეგნებით ეკიდება, მაგრამ არსებობენ ადამიანები და გაერთიანებები, რომლებიც ამ ტრაგიკულ მოვლენას გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს სძენენ.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი პირველი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქე საქართველოში პატივმიგებული რაც შეიძლება მალე იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ ის განცხადებები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. ამ პოზიციაზეა ოჯახიც, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხვდებით, ჩვენი კომუნიკაცია ძალიან მჭიდროა. მათ დეტალურად იციან, თითოეული სახელმწიფო ინსტიტუტი რას აკეთებს და როდის რა შედეგი შეიძლება დადგეს“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ უწმინდესს, რომელიც დროულად ჩაერთო ამ ტრაგიკული მოვლენის მოგვარებაში. მის ჩართულობაზე დიდ იმედს ვამყარებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.