გიორგი გახარია - დემოკრატიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება
გიორგი გახარია - დემოკრატიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება

„ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის დამტკიცებულ კანონპროექტს.

ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, რა გზავნილის შემცველია, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის იმავე საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაწერილი ბევრი წარმატებული რეფორმის შეფასება. უფრო მეტი კომუნიკაცია, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა ხდება შიდა პოლიტიკურ კონტექსტში. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში შიდა პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის. ეს ჩვენთვის გასაგებია. ჩათვალეთ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, რომ რაღაც საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ. არა. ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე. ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ, არც დემოკრატიზაციისა და არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესს არაფერი არ ემუქრება. ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი ემუქრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.