გიორგი გახარია - არავის აქვს იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი
გიორგი გახარია - არავის აქვს იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი

საბოლოო ჯამში, საქართველომ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, 2019 წელი დაასრულა და 2020 წელი დაიწყო კარგად, მიუხედავად ამისა, გლობალურმა კრიზისმა რა თქმა უნდა, რეალობა შეცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს მთავარი ამოცანაა გლობალური პანდემიის დამარცხება და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება.

„დღეს მთავარი ამოცანაა, დავამარცხოთ გლობალური პანდემია, გავუმკლავდეთ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და გლობალური კრიზისი ჩვენი ეკონომიკისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად, რათა პოსტკრიზისულ ეპოქაში, როდესაც მნიშვნელოვნად შეიცვლება ეკონომიკის სტრუქტურა, ქვეყანა გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად იყოს უფრო მომზადებული და ეფექტური. როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებები ყოველწლიურად საჭიროებენ შემდგომ რეფორმირებებს. არავის აქვს იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და დღეს უნდა მოვდუნდეთ. ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გულწრფელად და გულახდილად უნდა ვუთხრათ, პროგრესი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. საბოლოო შედეგი შეიძლება დადგეს ზოგ შემთხვევაში ერთი წლის, ზოგჯერ კი – 10 წლის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა დაფუძნებულია ჩვენს ფასეულობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ამისთვის უნდა მოვამზადოთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.