გიორგი გახარია - არავინ ამბობს, რომ ამ ორთვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, ამ გეგმით უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორზეც ვიყავით აგვისტოში
გიორგი გახარია - არავინ ამბობს, რომ ამ ორთვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, ამ გეგმით უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორზეც ვიყავით აგვისტოში

არავინ ამბობს, რომ ამ ორთვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, ამ გეგმით უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორზეც ვიყავით აგვისტოში, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა პანდემიის მართვაში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ყველას გვახსოვს, რომ პირველი ტალღის პირობებში, ვაკონტროლებდით ერთ სივრცეში რამდენი ადამიანი ვიყავით, გვერჩივნა გარეთ დავლოდებოდით რიგს, ეს ყველაფერი არის აღსადგენი. ვერცერთმა ქვეყანამ, სამწუხაროდ, პანდემიის და კოვიდის წინააღმდეგ დისტანციაზე, პირბადესა და მობილობის დავარდნაზე უკეთესი ხერხი ვერ მოიგონა. მოგვიწევს ამ პირობებში ცხოვრება. არავინ ამბობს, რომ ამ ორთვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას. ამ გეგმით უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორზეც ვიყავით აგვისტოში. როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა პანდემიის მართვაში“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, პრემიერის თქმით, „ამ შეზღუდვებს, რა თქმა უნდა თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, თუმცა არა იმაზე მეტი, ვიდრე ინფიცირებულთა უკონტროლო ზრდას“.

„მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება ბევრად მეტი ეკონომიკური ფასი. დღეს ამ შეზღუდვების ფასს ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ იქნება დაახლოებით, 0,7-0,8 პროცენტი, ამიტომ აქ დარ არის კრიტიკულ ციფრებზე საუბარი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღვასრულებთ ამას. მაგალითად, დღეს ბევრი შეზღუდვა გვაქვს, რომლის აღსრულების გაკონტროლების პრობლემაცაა. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც. დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო, მათ შორის შსს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები იქნებიან უმკაცრესები, იმ შეთხვევაში, როცა ორგანიზაციების და ბიზნესების მხრიდან ამ წესების არდაცვაზე იქნება საუბარი. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ბევრად უფრო დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს. ეს არ არის რთული შეზღუდვები“, – განაცხადა გახარიამ.