გიორგი გახარია - არალეტალურ რეზინის ტყვიებს ზოგიერთი ეძახის დათვისას, ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია
გიორგი გახარია - არალეტალურ რეზინის ტყვიებს ზოგიერთი ეძახის დათვისას, ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია

არც ერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით განსაზღვრულ ნორმებს, გამოყენებული არ ყოფილა. თუმცა, ის რეგლამენტები, რომლებიც დღეს ამ ნაწილში არსებობს, შესაძლებელია, გადაიხედოს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არის ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, არის გამოსაძიებელი, რადგან ამ ქვეყნის ისტორიაში შემდგომ ასეთი აღარ განმეორდეს. ჩვენ ხომ ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ სამწუხაროდ მომავალშიც შეიძლება, სახელმწიფო ინსტიტუტები გახდეს დასაცავი. ან რაღაც სხვა მასობრივი ღონისძიებები იყოს სადაც მსგავსი ექსცესები შეიძლება მოხდეს, ამიტომ ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, რომელთა ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი – რა მოხდა ამის გასაანალიზებლად და რა შეიძლება, რომ უკეთესი გავაკეთოთ. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა იყოს ობიექტური.

თქვენ მაგალითად არალეტალურ რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზიგიერთი ეძახის დათვისას – ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გაჟღერდება. ყველაფერს ხომ გამოძიება გამოიძიებს და იტყვის, რას რა სახელი უნდა ერქვას“,- განაცხადა გახარიამ.

თუმცა, შს მინისტრის თქმით, ის რეგლამენტები, რომლებიც დღეს არსებობს, ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შესაძლებელია, გადაიხედოს.

„შეიძლება, რომ გადავხედოთ, რაღაც ნაწილში შეიძლება ამოვიღოთ, ან შეიძლება ცოტა სხვა სახის პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვალისწინებს რაღაც საერთაშორისო ნორმებს. თუმცა აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან, არის გამოსაძიებელი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან, რომელიც იქნება გასაუმჯობესებელი. ეს სხვადასხვა რამეა. არსებობს დღევანდელი პროტოკოლი რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და თუ ვინმემ ეს დაარღვია, ეს ჩანს კამერებზე და გვაქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დასჯილი. რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ტყვია რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით მსგავს ღონისძიებაში გამოყენების ნორმებს, რა თქმა უნდა, გამოყენებული არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. თუმცა, რამდენად შეესაბამებოდა მათი გამოყენება იმ პროტოკოლს, რომელიც აძლევს შესაბამის პირს მისი გამოყენების კითხვის ნიშნები იყოს და ეს კონკრეტული შემთხვევები არის შესასწავლი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.