გიორგი გახარია - არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებისთვის დახმარების გაცემა შესაძლებელი იქნება მარტივად, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე
გიორგი გახარია - არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებისთვის დახმარების გაცემა შესაძლებელი იქნება მარტივად, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე

სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, არაფორმალურად დასაქმებული პირი, როგორც კი შეძლებს შემოსავლის დადასტურებას, მასზე სოციალური დახმარების გაცემა შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა განმარტა, მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ერთჯერადად 300 ლარით იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად.

„რა თქმა უნდა, თვითდასაქმებულების, არაფორმალურად დასაქმებულების აღრიცხვიანობა პრობლემაა. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რამხელა ხელფასი აქვს, გადასახადებს ყველა უნდა ვიხდიდეთ, მაგრამ, ჩვენ გვესმის, რომ ახლა კრიზისულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ახლა ვართ ფაქტობრივად ომში და ამიტომ  ამ პრინციპით ადამიანებს არ გავარჩევთ, თუმცა არ იქნება მარტივი. სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, არაფორმალურად დასაქმებული უმარტივესი გზით, როგორც კი შეძლებს, დაადასტუროს რაიმე სახით შემოსავალი, ეს შეიძლება იყოს მაგალითად, დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც ის შრომობდა, მძღოლისთვის ასევე მსგავსი, რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს ელემენტარულად, რომ ამ ადამიანებს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ ასეთი სოციალური დახმარება გავცეთ.

გვესმის, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სოციალურად მძიმე ფონი შექმნა არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვისაც. ამიტომ, ასეთი ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და შესაბამისი დახმარება გასცეს“, – განაცხადა პრემიერმა.