გიორგი გახარია - არ არსებობს იმაზე დიდი მსახურება, ვიდრე ღირსეულად, სამართლიანად ემსახურო შენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, მის ინტერესებს და უსაფრთხოებას
გიორგი გახარია - არ არსებობს იმაზე დიდი მსახურება, ვიდრე ღირსეულად, სამართლიანად ემსახურო შენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, მის ინტერესებს და უსაფრთხოებას

საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არის დაფუძნებული, პირველ რიგში, მოითხოვს ეფექტურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს, ეს არის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ეს არის ის საკონსტიტუციო პროცესი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ამ პარლამენტში მიმდინარეობს, რომელიც ორი მოსმენით გავლილია და ორშაბათს პარლამენტში იქნება მესამე მოსმენა.

„მინდა, მარტივად დავასრულო ეს გამოსვლა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველო, როგორც ფაქტი, არის საპარლამენტო დემოკრატია. უფრო მეტიც ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და ეს იქნება საპარლამენტო დემოკრატია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული. საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არის დაფუძნებული რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოითხოვს ეფექტურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს, ეს არის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება შეუძლებელი. მინდა, თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელმაც მიიღო ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა, გადავუხადო მადლობა, მოვუწოდო მათ, ვიყოთ ეფექტურები მომავალი წლების განმავლობაში. მინდა, გავამხნეო ისინი და ვუთხრა, რომ არ არსებობს იმაზე დიდი მსახურება, ვიდრე ღირსეულად, სამართლიანად ემსახურო შენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, მის ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, მის განვითარებას და საბოლოო ჯამში გააკეთო ყველაფერი, რათა ეს ქვეყანა განვითარებული დემოკრატია ძლიერი ეკონომიკით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.