გიორგი გახარია - ანაკლიის პორტი ქვეყნის მომავალია და არავის გამოუვა, შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით, წლების წინ აღებულ ვალდებულებებს თავი აარიდოს 
გიორგი გახარია - ანაკლიის პორტი ქვეყნის მომავალია და არავის გამოუვა, შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით, წლების წინ აღებულ ვალდებულებებს თავი აარიდოს 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მზად არის, ნებისმიერ ფორმატში ღიად ისაუბროს ობიექტურ გარემოებებზე, – ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„მესმის, რომ კითხვები უამრავია დაგროვილი, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეების განმავლობაში. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება ეს თუ პარლამენტი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე, რომელიც მე მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, ამ საკითხში მისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე კრიტიკული მომენტი. გახარიამ ამ კონტექსტში სამ საკითხს გაუსვა ხაზი.

„პირველი – სამწუხაროდ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის. მეორე  – ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გატანა რაღაც სკანდალებზე და სამწუხაროდ, ეს გამოვიდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის შეფასებით, მესამე და ყველაზე მთავარი ანაკლიის პორტის პროექტია.

გახარიას თქმით, მას, როგორც ვიცე-პრემიერსა და  ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი  ქვეყნისთვის და სახელმწიფოს ეკონომიკური მომავლისთვის.

„დღეს, როგორც შს მინისტრს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, ასევე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, შეთქმულების თეორიებით, ადამიანები ცდილობენ, თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კონტექსტში, და არავის გამოუვა, არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებითა და ჭორაობებით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.