გიორგი გახარია - ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა სხვა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი
გიორგი გახარია - ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა სხვა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი

ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა სხვა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში განაცხადა.

„რეალურად, საკმაოდ ფაქიზი, ფრთხილი საკითხია. ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მძიმედ დგას დაახლოებით 1996 წლის შემდეგ. ეს არის ქვეყნის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და ერთმნიშვნელოვნად ყველას კარგად გვესმის, რომ დემარკაციის საკითხი პრინციპული საკითხია. ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეული წლების განმავლობაში იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ უახლოეს მთავრობაზე, ახალი დემარკაციის კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან ერთად. კომისია სასწრაფოდ შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს, რამეთუ ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც გრძელდება უკვე ათწლეულებია“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე ერია და დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში, ერთად გადაწყდება ყველა პრობლემა, რომელიც ეხება როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ასევე შედის ეკლესიის ინტერესების სფეროში.

„ყველა სხვა სახის შეფასება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასებაა, ყველა ის შეფასება ან შედარება, რომლებიც იყო მაგალითად რუსეთის ფედერაცია და სხვა მსგავსი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა სხვა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალია და აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კი არა, გაჟღერებული არასწორი განმარტებები, მაღალი რისკის შემცველია.

დავით გარეჯის საკითხი, დარწმუნებული ვარ, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყდება, სადაც იქნება გათვალისწინებული როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.