გიორგი გახარია ალბანელ კოლეგას შეხვდა
გიორგი გახარია ალბანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ედი რამას შეხვდა.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს.

საუბარი შეეხო ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტს საქართველოში, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ალბანეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. პრემიერის თქმით, ქართული მხარე აფასებს ალბანეთის გადაწყვეტილებას – ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ალბანეთის მხრიდან გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში და გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მტკიცე მხარდაჭერას.

მთავრობის მეთაურმა ალბანელ კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და ამ პროცესში ალბანეთის ჩართულობას.

მიუნხენში ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.