გიორგი გახარია - თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ტელევიზიის მფლობელობა და ის, რომ ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის
გიორგი გახარია - თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ტელევიზიის მფლობელობა და ის, რომ ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის

თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა გამჭვირვალეა და ბოლო წლებში აშკარა პროგრესს განიცდის.

„მართლმსაჯულების სისტემამ ადამიანთან დაკავშირებით გამოიტანა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავეა, პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს და უნდა იჯდეს ან გამოვიდეს, ან რაღაც სხვა იურიდიული ფორმები არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი რურუას, პრემიერმა უპასუხა, რომ შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა.

„წარმოდგენა არ მაქვს, შეიწყალებს თუ არა მას პრეზიდენტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის,  სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი