გიორგი გახარია - აბრეშუმის გზის ფორუმი ძალზედ წარმატებული იყო, რაც დასტურდება მონაწილეთა რაოდენობით
გიორგი გახარია - აბრეშუმის გზის ფორუმი ძალზედ წარმატებული იყო, რაც დასტურდება მონაწილეთა რაოდენობით

აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, ძალზედ წარმატებული იყო, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში დანიშნული იყო 300-ზე მეტი ორმხრივი ბიზნესშეხვედრა და მოლაპარაკება, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებას.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და მოგილოცოთ აბრეშუმის გზის ფორუმის წამატებით დასრულება. აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, ძალზედ წარმატებული იყო, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით. ამ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა. ასევე მინდა ავღნიშნო, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ორი დღის განმავლობაში იყო დანიშნული 300-ზე მეტი ორმხრივი ბიზნესშეხვედრა და მოლაპარაკება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის, როლის როგორც დამაკავშირებლის, ორი დიდი ცივილიზაციის გაძლიერებას და ეკონომიკურ კონტექსტში ეს არის პირველ რიგში ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და ყველაფერი, რაც ეკონომიკის გაძლიერებას ეხება. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო ის ფასი და მნიშვნელობა, რაც აქვს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ეროვნული ბანკისა და ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩართული სხვადასხვა უწყებების პოზიტიურ თანამშრომლობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი