გიორგი გახარია - აბასთუმანი სულ მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის სამცხე-ჯავახეთს და საქართველოს
გიორგი გახარია - აბასთუმანი სულ მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის სამცხე-ჯავახეთს და საქართველოს

სულ მალე ადიგენი გახდება გზაჯვარედინი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ადიგენში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ადიგენი ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იყო ყოველთვის და გახდება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რადგან აქ ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

„მოგეხსენებათ, რომ ხულო-ზარზმა დაიწყო და მალე ამას ბოლოში გავიყვანთ ისევე, როგორც ბაღდათი-აბასთუმანი დააკავშირებს ადიგენს ქუთაისის აეროპორტთან საათნახევრით უფრო მოკლე პერიოდში. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო – ზარზმა, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა და ჩვენი ქვეყნის ბევრმა სტუმარმა ნახოს – ადიგენის და ზოგადად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის საერთოდ ქართველობის, ქართულისა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლო უნდა იყოს ადვილად მისასვლელი და უნდა იყოს ამ ქვეყნის ყურადღების ცენტრში. გარდა ამისა, აბასთუმანი სულ მალე იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი, ეს იქნება საერთაშორისო დონის, საერთაშორისო მასშტაბის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის ადიგენს, საქართველოს და მთლიანად ამ ხეობას, სამცხე-ჯავახეთს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ ამაზე რომ ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომლებიც ნელ-ნელა უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, 2012 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი. გახარიას განცხადებით, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი.

„ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომელებიც ნელ-ნელა  უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. მე ერთ ციფრს მოგიყვანთ – 2012 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასმელი წყალი, რომელიც ადიგენში რამდენი წელია უკვე პრობლემაა და სულ რაღაც ერთ თვეში დასრულდება და 24 საათიანი წყალმომარაგება გექნებათ, მაგრამ უნდა მოჰყვეს წყალარინება, წყალმომარაგება ნორმალური უნდა იყოს სოფლებში ისევე, როგორც სარწყავი წყალი არ უნდა იყოს პრობლემა ისევე, როგორც მაგისტრალური გზები ნორმალურ მდგომარეობაში გვაქვს, მაგრამ შიდა სოფლის და ქალაქებს შორის გზები არის წესრიგში მოსაყვანი. ეს ყველაფერი არის სისტემური, ელემენტარული ინფრასტრუქტურა, რომელიც ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში კარგა ხანია, მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ კიდევ დაგვჭირდება რაღაც დრო ერთად შრომით, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ წესრიგში. ეს სისტემური ინფრასტრუქტურა უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი თბილისში, ადიგენში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში – ერთ დონეზე უნდა შეეძლოთ ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ერთად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში თქვენ ყველამ კარგად ნახეთ, ჩვენ არ ვართ მომხრე პოპულიზმის და ბევრი ლაპარაკის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქმე. ამ საქმესაც ბევრი პიარი და რეკლამა არ სჭირდება იმიტომ, რომ ადამიანები ამას თვითონ ხედავენ ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ პოპულისტურ დაპირებას არ იძლევა.

„ჩვენ, ამ არჩევნების დროსაც, არანაირ პოპულისტურ დაპირებას არ ვიძლევით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ნაბიჯებით და კონკრეტული მიზნებით. მიზანი, როგორც იცით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს გაზომვადი და თითოეული ჩვენი მიზანი არის გაზომვადი და არა ფუჭი დაპირება. ამიტომ, იმ მხარდაჭერით, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების გვაქვს, წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში უნდა მივიდეთ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება რაიმე რისკის, ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამიტომ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს, უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.