გიორგი გახარია - 2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს
გიორგი გახარია - 2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს

2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის სხდომის თემა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.

„დღეს ჩვენ გვაქვს რიგგარეშე მთავრობის სხდომა, რამეთუ ვასრულებთ 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობას, რომლის საბოლოო განხილვა დღეს გვექნება, რის შემდეგაც წარვადგენთ საქართველოს პარლამენტში. ბიუჯეტი მთელი ჩვენი გუნდის შრომის შედეგია, მასში ასახულია ის პრიორიტეტები, რომლებსაც ეყრდნობა მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიან  შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წელს. 2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქის უფრო მეტი შესაძლებლობის. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა საჭიროებებზე არის დაყრდნობილი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ პასუხისმგებლობებს. უპირველესად, ეს არიან ბავშვები, ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზე ზრუნვის უდიდესი ვალდებულება ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით,  ბიუჯეტის ძირითადი პრინციპია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებები.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ მაინც უნდა ატაროს. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ მოქალაქეებზე ორიენტირებული, მოქალაქისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნისა და მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი. ასევე, პრიორიტეტად რჩება ეკონომიკის გავნითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტული პროექტები, რაც ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას. მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი, ამიტომ ყველა ის ძირითადი ვალდებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს აქვთ ამ ბიუჯეტით, უნდა იქნას შესრულებული დროულად და ეფექტიანად. გარდა ამისა, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი ბიოროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ, არგაზრდა და იქ, სადაც შესაძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ეფექტიანი მართვით შემცირებაა“, – მიმართა გახარიამ მთავრობის წევრებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიუჯჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარეც.

“თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით. ამ ბიუჯჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, მთავრობის თითეული წევრი, თითეული დეპუტატი, ყველა დაინტერესებული პირი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ბიუჯეტი არის განმსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად მოხმარდეს ხალხს. ეს არის ის სულისკვეთება, რომელსაც ეყრდნობა ეს ბიუჯეტი და ეს არის ის ჩვენი ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე“,-განაცხადა გახარიამ.