გიორგი გახარია - 13 ივნისი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ეს არის უდიდესი ტკივილის დღე, ამასთან ერთად, არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა ერთიანობის, სოლიდარობის უდიდესი მაგალითი მოგვცეს
გიორგი გახარია - 13 ივნისი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ეს არის უდიდესი ტკივილის დღე, ამასთან ერთად, არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა ერთიანობის, სოლიდარობის უდიდესი მაგალითი მოგვცეს

13 ივნისი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ეს არის უდიდესი ტკივილის დღე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განახლებული „მზიურის“  პარკის გახსნაზე განაცხადა, სადაც ის ოჯახთან ერთად მივიდა.

ღონისძიებაში ასევე ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახა კალაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები მონაწილეობენ.

ღონისძიების გახსნისას სტუმრებს პრემიერმა მიმართა. მან 13 ივნისის ტრაგედიაზე ისაუბრა, ასევე ამ დღეს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენა.

„დღეს ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეა. 2015 წელი 13 ივნისი, ეს დღე ყველას გვახსოვს, ეს იყო შოკისმომგვრელი სტიქია ყველა ჩვენგანისთვის და ყველას გვახსოვს, რა მძიმე იყო პირველი წუთები. რა მოცულობისა და რა მასშტაბის იყო ეს სტიქია, ეს თითოეულმა თბილისელმა წუთების განმავლობაში გაიზარა. ეს იყო სტიქია მოულოდნელი სრულად, რომელსაც შეეწირა ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე, ორი მოქალაქე დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. უამრავმა ადამიანმა, ასობით ადამიანმა განიცადა სერიოზული დარტყმა, სერიოზული ზარალი. მინდა, ასევე აღვნიშნო, ზურა მუზაშვილი, ეს გმირი ადამიანი, მაშველი, რომელმაც რვა მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ ის თავად დაიღუპა. ეს დღე, რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ეს სახელი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები, ეს არის უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის დღე, როგორც ქართველებს გვჩვევია, სანამ რაღაც დიდი გამოწვევა არ გვაქვს, არ გავერთიანდებით, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობისა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და, რომელმაც სინათლე უნდა დაგვანახოს ბოლოში, სადღაც, ეს ის მაგალითია, რომელიც დღეს ასე გჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედისა და მაგალითის მომცემი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ღონისძიებაზე.