გიორგი გახარია - კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტის ინფიცირების წარმომავლობა ვერ დგინდება
გიორგი გახარია - კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტის ინფიცირების წარმომავლობა ვერ დგინდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის დაინფიცირების წარმომავლობა ვერ დგინდება.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელია.

„უკვე გვყავს ასი ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირებულების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია. დღეს არის მდგომარეობა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები – მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად, ეს გვაძლევს შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც გლობალურია, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არა მარტო მედიკოსების გმირული, ყოველდღიური 24-საათიანი შრომით, არა მარტო სახელმწიფო უწყებების პოლიციის შრომით, არამედ ერთად, შეთანხმებით, ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან. ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.