გიორგი გაბუნია - შედგა პირდაპირი კომუნიკაცია ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის, არსებობს პოზიტიური იმპულსები, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს
გიორგი გაბუნია - შედგა პირდაპირი კომუნიკაცია ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის, არსებობს პოზიტიური იმპულსები, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს

უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ზარი, შედგა პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის და იქნა განხილული საკითხები საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობის თაობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ასევე გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის შესახებ. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა და განწყობა, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს; ის ურთიერთობა, რომელიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ არის მისაღები და ჩვენ მზად ვართ ურთიერთობისთვის; ასევე მზად ვართ რეალურად სტრატეგიული ურთიერთობისთვის და არა იმ სტრატეგიული ურთიერთობისთვის, რომელიც მანამდე იყო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდი. ჩვენ მზად ვართ რეალური ურთიერთობებისთვის, რეალური სტრატეგიული პარტნიორობისთვის; მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს ჩვენს ურთიერთობებს შორის. ვფიქრობ, ამ მიმართულებით განწყობა არსებობს და ჩვენ დაველოდებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით გიორგი გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შინაარსის იყო დიალოგი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის და რას შეეხო საუბარი?

გაბუნიას თქმით, აქვე უნდა ითქვას, რომ ახლა აშშ-ის მთელი დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში.

„მხედველობაში მაქვს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი, ირანის ომი, ასევე სხვადასხვა გლობალური საკითხები, რომელიც დღეს აშშ-ის დღის წესრიგში დგას, მათ შორის, შიდა მწვავე პოლიტიკური პროცესები და, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს გასაგებია, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მეორე მხრიდან როგორი იყო გზავნილი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ფაქტია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა იქნება მომავალშიც.

„დაველოდოთ პროცესებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ფრთხილი მოლოდინი ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, პრინციპში, ჩვენი დიდი დამსახურება, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობებში, რომელიც არსებობდა წლების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის, დამსახურებებზე დაფუძნებული, თანაბარ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები აღდგება და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, „ჩვენ უნდა შემოვიფარგლოთ იმ ინფორმაციით, რომელიც იქნა გავრცელებული თავად პრემიერის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით“.

„დანარჩენ პროცესებს, მიმაჩნია, რომ უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეკითხვაზე, შეეხო თუ არა საუბარი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციასაც, რადგან სატელეფონო საუბარი დროში დაემთხვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, ამერიკა-ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„გლობალური კონტექსტი ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთულია დღეს მსოფლიოში, განსაკუთრებით, ირანში რაც ხდება. ირანში ძალიან მძიმე და რთული ომია, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ არსებობს საფრთხე ამ ომის თეატრის გაფართოების, რომელიც ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონს და, ამ მხრივ, მართლაც საყურადღებო ვითარებაა. პირველ რიგში, ჩვენ რაც უნდა ვისურვოთ, ეს არის მშვიდობა, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა, ვინაიდან ირანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი საზღვარი არ გვაქვს, ჩვენს ახლო სამეზობლოშია და რისკები უსაფრთხოებისა ერთი-ორად გაზრდილია ამ მიმართულებით. კონკრეტული დეტალები, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ გახმაურდეს ამ საუბრის დეტალებთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ზარი იყო მნიშვნელოვანი და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არსებობს პოზიტიური და დადებითი იმპულსები იმისა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს“, – განაცხადა გაბუნიამ.