გიორგი გაბუნია – ქართული პოლიფონიური მუსიკა ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს, წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, ესაუბროთ ერს, რომელიც არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვას

17:55, 10.10.2026

ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური კულტურის გამორჩეული საგანძურია და იგი ასევე სიმბოლოა ქართველთა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი განუზომელი სიყვარულისა, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება, არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.

„ვერ იმღერებ ისეთ მომღერალთან, ვინც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, არ მიგაჩნია შენს სწორად და თანაბარი რანგის პარტნიორად. ქართული მუსიკა, ისევე როგორც ჩვენი კულტურა, დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან, ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან, ადამიანის სიყვარულთან, ერთგულებასთან, ჭირსა თუ ლხინში მეგობრისადმი თანადგომასთან და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველები სწორედ ამ ღირებულებებით ვსაზრდოობთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია თქვენთვის, გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას“, – წერს გიორგი გაბუნია.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ გვსურს, ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს“.

„ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის. წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო, დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი