გიორგი გაბუნია - არის მცდელობა, რომ „მთავარი არხის “გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ
გიორგი გაბუნია - არის მცდელობა, რომ „მთავარი არხის “გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა.

როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, არის მცდელობა, რომ მოხდეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება.

„იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის “გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, მთავარი არხისთვის ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით, რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს“, -განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატის თქმით კი, გაბუნიასთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რა მოვალეობას ასრულებდა, აგრეთვე ანაზღაურებას იღებდა თუ არა გაწეულ შრომაში.

„ზოგადი ხასიათის კითხვებით იყო გამოძიება შემოფარგლული, განსაკუთრებული არაფერი. პასუხები გასცა გაბუნიამ და დასრულდა გამოკითხვები. კითხვები ეხებოდა ანაზღაურებას, მათ შორის პრემიებს. დაიბარებენ თუ არა განმეორებით, მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ მათ შორის, ვერც დღეს დაბარების, თუმცა მომავალში ვინ იქნება გამოკითხული ან გაბუნია განმეორებით იქნება თუ არა გამოკითხული, ჩემთვის უცნობია.
ეს საქმე, როგორც სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს და შესაბამისად, რანაირად შეიძლება გამოკითხული ადამიანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს? ეს არ არის გამოძიების უფლებამოსილებაში შემავალი საკითხები, რითაც გამოძიება ინტერესდება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.