გიორგი გაბუნია - ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება უსამართლოა და ორმაგი სტანდარტების გამოვლინებაა
საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება გასაკვირია, მაგრამ კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ განცხადებას უკრაინა და მოლდოვა უერთდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, საქართველო ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გვერდით ყოველთვის იდგა და სტანდარტებს იცავდა.
„უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალულია, მოლდოვაში ოპოზიციური პარტია – „შორი“. საქართველო უკრაინას და მოლდოვას ყველა კრიტერიუმით უსწრებს. დღეს, „იბიარდის“ კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 7-პროცენტშია განსაზღვრული. ეს არის პასუხი, რომ საქართველო ვითარდება და ქვეყანას ყველა მიმართულებით წარმატება აქვს. შესაბამისად, ევრობიუროკრატების მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტებს ვხედავთ, რასაც ვერ მივიღებთ. სამართლიან მოთხოვნას და იმ მიღწევების დაფასებას ვითხოვთ, რომელიც ქვეყანას აქვს.
საქართველო ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გვერდით ყოველთვის იდგა და სტანდარტებს იცავდა. საქართველოს ხელისუფლება დიალოგისთვის მზად არის. მზად ვართ, საუბრისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი და მათი არგუმენტები განვიხილოთ და შეთანხმება მოხდეს. საქართველოს ხელისუფლება ღიაა და კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის. ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბრობენ, რაც მიუღებელი და გაუაზრებელი განცხადებაა, რადგან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არსებობს. მოძალადე, რომელიც სამართალდამცველს ცეცხლს უხსნის და რომელიც გადამზადებული და მომზადებულია, არ შეიძლება, მას პოლიტპატიმარი ვუწოდოთ. საფრანგეთში საპროტესტო აქცია იყო, სადაც 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ათეულობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. მინდა, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ვკითხო, ვინც განცხადებით მოგვმართავს, არის თუ არა დაკავებული 300 ადამიანი პოლიტპატიმარი, რომლებიც პარიზში სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ? ორმაგი სტანდარტია, რასაც ვხედავთ. სამართლიან მოპყრობას და დისკუსიას ვითხოვთ. ისინი თუ მზად არიან დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ ხელისუფლება ამჟამინდელ ქმედებებს შეცვლის“.