გიორგი გაბუნია – ევროკავშირი ემსგავსება გაერთიანებას, სადაც აბსოლუტურად კოლონიური და იმპერიული აზროვნება იმარჯვებს, სადაც არ გექნება არცერთი ბერკეტი შენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის

12:44, 11.11.2026

ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება იმიტომ გვინდოდა, რომ გვსურდა მეტი კეთილდღეობა, მეტი უსაფრთხოება და ის, რომ ჩვენს ქვეყანას, რომელიც მასშტაბითა და ზომით პატარა სახელმწიფოა, ჰქონოდა საკუთარი ღირსეული ხმა იმ დიდ ოჯახში, რომლისკენაც მივილტვოდით, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გაბუნიას თქმით, ახლა ევროკავშირი ემსგავსება ისეთ გაერთიანებას, სადაც აბსოლუტურად კოლონიური და იმპერიული აზროვნება იმარჯვებს.

„სწორედ ასეთ გაერთიანებას ემსგავსება ევროკავშირი, სადაც შენ არ გექნება გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება, საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და არცერთი ბერკეტი იმისთვის, რომ შენი ეროვნული ინტერესები დაიცვა. გამოდის, რომ შენ ხარ გუბერნია, შენ ხარ კოლონია და რაც უნდა გიკარნახონ, ის უნდა შეასრულო. ჩვენ რატომ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან? საბჭოთა კავშირშიც იგივე ხდებოდა – რასაც გეტყოდნენ, ის უნდა გაგეკეთებინა.

ევროკავშირის მთავარი სიკეთე ის იყო, რომ ყველა სახელმწიფოს თანაბარი ხმა ჰქონდა და ნებისმიერ სახელმწიფოს შეეძლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. როდესაც დღეს ევროკავშირი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც, პატარა სახელმწიფოები არაფერს ნიშნავს და ჩვენ, სამი თუ ოთხი დიდი ქვეყანა რასაც ვიტყვით, ის უნდა გააკეთონ, სწორედ ეს არის კოლონიური დამოკიდებულება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა წევრი სახელმწიფოსთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც. ამ მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ეს მექანიზმები, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობა, არ ექვემდებარება განხილვასა თუ ცვლილებას.

მსგავსი