გიორგი გაბუნია - „დიფ სთეითმა“ წინა პლანზე წამოწია დიდი ბრიტანეთი, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სწორედ ეს ქვეყანა იქნება გამოყენებული იარაღად საქართველოს წინააღმდეგ
ჩვენ ვხედავთ, რომ არ წყდება მცდელობები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციის შემოტანის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „დიფ სთეითმა“ წინა პლანზე წამოწია დიდი ბრიტანეთი და, შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნება გამოყენებული იარაღად საქართველოს წინააღმდეგ.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ USAID-ი წლების განმავლობაში ხარჯავდა საქართველოში უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს იმისთვის, რომ მოწყობილიყო სამოქალაქო არეულობები, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა საბედნიეროდ ამ მცდელობებმა ფუჭად ჩაიარა, შესაბამისად USAID-ი უკანა პლანზე გადაწიეს და ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ბრიტანული ფინანსური რესურსი, კერძოდ, ჩვენ ვნახეთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ „დიფ სთეითმა“ წინა პლანზე წამოწია დიდი ბრიტანეთი და, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნება გამოყენებული იარაღად საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკული ფული დაიხარჯება თუ ბრიტანული, რათა მოხდეს საქართველოში არეულობა, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რომ სამართლებრივ ჩარჩოში ყველას გაეცეს ადეკვატური პასუხი.
„მინდა, მე ერთი რამე ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში რომელი ფული დაიხარჯება – ამერიკული ფული დაიხარჯება თუ ბრიტანული. მათი მიზნები და ამოცანები არ იცვლება. ეს მიზანი არის ერთი, როგორმე საქართველოში მოხდეს სამოქალაქო არეულობა, საქართველოში განვითარდეს რევოლუციური სცენარები. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს სიფხიზლე, გონიერება. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეილახოს, საქართველოს დამოუკიდებლობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რომ სამართლებრივ ჩარჩოში ყველას გაეცეს ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად.