გიორგი გაბაშვილი - ვანო მერაბიშვილის განცხადებაში ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ მშვიდობიანი გზები იგულისხმება
გიორგი გაბაშვილი - ვანო მერაბიშვილის განცხადებაში ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ მშვიდობიანი გზები იგულისხმება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის სურვილია, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს.

მისივე თქმით, მერაბიშვილს სჭირდება დრო, რათა შეხვედრები გამართოს და თავისი პოლიტიკური აქტივობის ფორმებზე გადაწყვეტილება მიიღოს.

„განწყობა არის ის, რაც თქვა უკვე, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მანამდე შეხვდეს თავის მეგობრებს, თავის ოჯახს,  ნათესავებს, ყველას და ამის შემდეგ მოყალიბდეს. თქვენ იცით, ვანომ თქვა, რომ მას სჭირდება დრო, რათა ყველას შეხვდეს, ყველას დაელაპარაკოს და რა ფორმებს გამოძებნის თავისი  პოლიტიკური აქტივობის, ამის შესახებ თვითონ გააკეთებს განცხადებას. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ მას ჰყავს ძალიან ახლო მეგობრები, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე „ევროპულ საქართველოში“, ასევე ბევრგან, სხვაგან. ამაზე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას“ ,- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

კითხვაზე, რას გულისხმობდა ვანო მერაბიშვილი ხელისუფლების დამხობაში, გაბაშვილმა უპასუხა, რომ მის განცხადებაში ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ მშვიდობიანი გზები იგულისხმება.

„რა თქმა უნდა, იგულისხმება მშვიდობიანი გზები ამ ხელისუფლების გასტუმრების, ამ ხელისუფლების შეცვლის. სხვა არანაირ გზას არავინ არ გულისხმობს, ეს არის მშვიდობიანი გზებიც, ეს არის არჩევნებიც, მშვიდობიანი პროტესტიც, ყველაფერი, რაც გულისხმობს ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიან გზებს. იცით, რომ მთელი ოპოზიცია დღეს არის ერთიანი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს გულისხმობს პირველ რიგში ნორმალური არჩევნების მიღწევას, ყველა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ამ ხელისუფლების შეცვლას, ამაში ყველა ოპოზიციური ძალა ერთიანია“ ,- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.