გიორგი ფანგანი – წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაში შეირჩევა ის მოდელი, რომელიც ყველაზე გამართლებული იქნება საზოგადოებისთვის
წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაში მოაზრებული გვაქვს რამდენიმე სცენარი, – ამის შესახებ სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეირჩევა ის მოდელი, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე გამართლებული იქნება საზოგადოებისთვის, ენერგეტიკული და წყალმომარაგების სისტემისთვის.
„პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ერთი ნაწილი მოქმედი ნორმის გაგრძელებაა, ეს ეხება სასმელი წყლისა და წყალარინების ტარიფებს. ამ ნორმას ვადა 2026 წლის დეკემბერში გასდის და მოხდა ნორმის ვადის გაგრძელება, რადგან წყალმომარაგების სექტორში არსებული ტარიფები დადგენილია იმ სახით, რომ ძირითადი ტვირთი გადატანილია კომერციულ ტარიფზე. მეორე ნაწილი არის კომისიაზე უფლებამოსილების დელეგირება, რომ მოცულობის მოხმარებასთან დაკავშირებით მოხდეს სხვადასხვა ტიპის ტარიფის დადგენა. დღეს კანონი დამტკიცდა და შევა ძალაში. ამის შემდეგ მოხდება გარკვეული ცვლილებები ჩვენს ნორმატიულ აქტებში, კონკრეტულად კი – ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში. შემდეგ გამოისახება, რა ტიპის სტრუქტურა იქნება ტარიფების მიმართ, როგორც ბუნებრივი გაზის სექტორში, ასევე წყალმომარაგების სექტორში“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.
მისი თქმით, დამტკიცებული კანონის საფუძველზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება და ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფები ახალი მეთოდოლოგიით დადგინდება.
„აქტიური მუშაობაა უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს როგორც გარკვერული აუდიტი, ასევე სხვა ტარიფის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების დათვლა. დეკემბრის ბოლოს, როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი, როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლისთვის. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკა რომ ავიღოთ, არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ტარიფი. მაგალითად, დასავლეთში აპრობირებულია დღეღამური ტარიფი; არსებობს ფიქსირებული ტარიფები, ანუ მოხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას, რასაც ეწოდება ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფი და ასე შემდეგ. საქართველოში დღეს საფეხურებრივი ტარიფი გვაქვს ელექტროენერგეტიკაში, ანუ არსებობს სამი საფეხური, რომელიც ყოველთვე ანგარიშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თვიდან ვიწყებთ ახალ ათვლას. რაც შეეხება ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებს, მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ გვეცოდინება. ჩვენი ამოსავალი წერტილია სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას, ანუ ენერგიის დაზოგვის საშუალებას. მაგალითად, საქართველოში დღეს საშუალოდ ერთ მომხმარებელზე გვაქვს 192 კუბური მეტრის ხარჯი, როდესაც დასავლეთ ევროპაში საშუალო მოხმარება 140 კუბური მეტრია. ამას ე.წ. უყაირათო მოხმარება ჰქვია. ამ ეტაპზე ძალიან რულია რამეზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ არ არის მეთოდოლოგია, კანონის მიღებამდე ვერც იქნებოდა. მეთოდოლოგიაში გვაქვს რამდენიმე სცენარი მოაზრებული, არის, მაგალითად, საფეხურები – გამჭოლი და არაგამჭოლი,თვიური და წლიური და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მოდელია. არჩეული იქნება ის მოდელი, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე გამართლებული იქნება საზოგადოებისთვის, ენერგეტიკული და წყალმომარაგების სისტემისთვის“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა, მათ შორის, საფეხურებრივი ტარიფის დაწესება, სემეკის წევრმა თქვა: „რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სცენარი ესეც არის“.
„საერთო სურათს ვერ გეტყვით, რადგან კომისია ითვლის ყველა ტარიფს თანმიმდევრულად. ყველა კომპანიას აქვს დადგენილი ტარიფი რაღაც ვადამდე, მას შემდეგ ის უნდა გადაითვალოს, არ აქვს მნიშვნელობა, მოხდება თუ არა რაიმე ძირეული ცვლილება, ის ტარიფი უნდა გადაიხედოს, გადაითვალოს და დადგინდეს ახალი ტარიფი. შეიძლება, დარჩეს უცვლელი, შეიძლება, გაიზარდოს, შეიძლება, შემცირდეს. ასეთი მაგალითი ბევრი გვქონია, თუმცა ეს არ არის რომელიმე მოვლენაზე დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პროგნოზირებადი გაზის ტარიფის გაძვირება, სემეკის წევრმა თქვა, რომ „ამჟამად ამ საკითხზე საუბარი რთულია, დეკემბერში იქნება შესაძლებელი“.