გიორგი ფანგანი - სემეკ-მა გამოითხოვა ინფორმაციები „თელასისგან“ და „თელმიკოსგან“, გადაცდომის შემთხვევაში, გამოვიყენებთ მკაცრ ზომებს, კომპანიები აუცილებლად დაჯარიმდებიან
გიორგი ფანგანი - სემეკ-მა გამოითხოვა ინფორმაციები „თელასისგან“ და „თელმიკოსგან“, გადაცდომის შემთხვევაში, გამოვიყენებთ მკაცრ ზომებს, კომპანიები აუცილებლად დაჯარიმდებიან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ გამოითხოვა ინფორმაციები „თელასისგან“ და „თელმიკოსგან“. თუ ვნახეთ, რომ კომპანიების მხრიდან გადაცდომას ჰქონდა ადგილი, გამოვიყენებთ ყველაზე მკაცრ ზომებს, კომპანიები აუცილებლად დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ მოსახლეობის საჩივრებთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველ ივლისს მოხდა კომპანია „თელასის“ განცალკევება და საქმიანობაში ჩაერთო „თელმიკო“. ეს არის კომპანია, რომელსაც ექნება ელექტროენერგიით ვაჭრობის უფლება და „თელასს“ თავის მხრივ, დარჩა მხოლოდ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, ხაზი გავუსვათ, რომ პირველ ივლისამდე „თელასს“ უნდა ჩაეხურა ყველა ფინანსური ვალდებულება, რაც ჰქონდა, მათ შორის, მომხმარებლიდან ამოეღო ის თანხები, რაც მას ჰქონდა მიწოდებული და გაესტუმრებინა ელექტროენერგიის მწარმოებლები. ამიტომ, პირველ ივლისს ყველანაირი ფინანსური ოპერაცია უნდა დახურულიყო, რადგან 2 ივლისს მას აღარ ჰქონდა უფლება, ეს საქმიანობა განეხორციელებინა. ამან მომხმარებლებისთვის გარკვეული დისკომფორტი გამოიწვია, რადგან ივლისის თვეში მათ ორი ქვითარი მიიღეს. მართალია, გადასახადი არ შეცვლილა და ტარიფი არ გაზრდილა, მაგრამ ორმა ქვითარმა გარკვეული გაუგებრობა მაინც გამოიწვია. ამას სხვა რეაგირება მოჰყვა“, – განაცხადა ფანგანმა.

მისივე თქმით, სემეკ-ში მომხმარებლებისგან არაერთი განცხადება შევიდა, რომ ისინი არ ეთანხმებიან დარიცხულ თანხებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ორი ქვითარი მივიდა 30 დღის განმავლობაში, გასაგებია, რომ დღეების რაოდენობა დარიცხულ კილოვატებზე განსხვავებულია. მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის ტარიფი სამი კატეგორიისთვის არის დადგენილი, სამი საფეხურის ტარიფი გვაქვს, იმისდა მიხედვით, მომხმარებელი რამდენს მოიხმარს, საფასურიც განსხვავებულია. მომხმარებლები თვლიან, რომ მათ არ ეკუთვნით ყველაზე ძვირიანი, მესამე კატეგორიის საფეხური და ისინი ამ ორი ქვითრის მისვლის გამო დაზარალდნენ, რადგან საშუალო არის გამოყვანილი, რაც აღემატება 300 კილოვატს და ასე არ უნდა იყოს.

მეორე არის, რომ ისინი არ ეთანხმებიან უშუალოდ მრიცხველის ჩვენებას, ანუ ფიქრობენ, რომ მათ ამდენი არ ჰქონდათ მოხმარებული და პირობითი დარიცხვა განხორციელდა, რადგან კომპანიამ ყველა ჩვენების აღება ვერ მოასწრო. კომისია ამ საკითხს უკვე ძალიან დეტალურად სწავლობს. გამოვითხოვეთ ინფორმაციები შესაბამისი კომპანიებისგან, როგორც „თელასისგან“, ასევე „თელმიკოსგან“. პირდაპირ გეტყვით, რეაგირება უმკაცრესი იქნება, თუ დავინახეთ, რომ კომპანიების მხრიდან მართლაც გადაცდომას აქვს ადგილი, გამოვიყენებთ ყველაზე მკაცრ ზომებს. აუცილებლად დაჯარიმდებიან კომპანიები და ყველა მომხმარებელს ასეთის არსებობის შემთხვევაში დაუკორექტირდება თანხები. თუ რამე ზედმეტად არის დარიცხული, აუცილებლად დაუბრუნდებათ“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ამასთან, გიორგი ფანგანმა მოუწოდა მომხმარებლებს, რომლებიც არ ეთანხმებიან დარიცხვას და აქვთ კითხვები, მიმართონ უწყებას. მისი თქმით, აუცილებელია განცხადების შეტანა, რათა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რაღაც მიზეზით არ ეთანხმება დარიცხვას და მათ აქვთ კითხვები, პირდაპირ მოგვმართონ. თუ არ ვცდები, 50 განცხადებაა შემოსული, მაგრამ ასევე ბევრია სოციალურ ქსელში მოწერილი, ქოლცენტრში შემოსული ზარები. ვფიქრობ, ეს რაოდენობა გაიზრდება. უნდა შემოიტანონ განცხადება, ეს აუცილებელია, რომ დავიწყოთ ადმინისტრაციული წარმოება, სხვა შემთხვევაში, რეაგირებას ვერ ვახდენთ. ყველა განცხადება სხვადასხვა დროს შემოდის და წარმოება იწყება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაახლოებით ერთი თვე გვჭირდება. ჩვენთან რომელი საჩივარიც დაფიქსირდა, იმ მომხმარებელს ელექტროენერგია არ გაეთიშება, ვიდრე დავა არ დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.