გიორგი ფანცულაია - ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი სარჩელი მზადების პროცესშია
გიორგი ფანცულაია - ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი სარჩელი მზადების პროცესშია

ე.წ. ციანიდის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი სარჩელი მზადების პროცესშია, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

მანამდე კი ამ საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომელიც “ციანიდის” საქმესთან კავშირში მყოფი სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. ადვოკატი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ნორმებს, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სტრასბურგის სასამართლოსთვის ასევე შიდა გადასინჯვისთვის და კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება, რამდენად ცალმხრივად წარიმართა დაცვის უფლების შეზღუდვის ფარგლებში მთელი ციანიდის საქმის განხილვა სასამართლოს სამი ინსტანციის განმავლობაში“, – ამბობს გიორგი ფანცულაია.

როგორც ფანცულაია განმარტავს, გაუთქმელობის ვალდებულებით მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ და ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომლებიც დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას ცალმხრივად აკისრებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დაცვის მხარეს არათანაბარ პირობებში აყენებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს. ფანცულაიას თქმით, სწორედ ამ ნორმებმა არ მისცა მათ დაცვის სრულყოფილად განხორციელების საშუალება.

საჩივრის მომზადებაში რამდენიმე კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო. მათ საკონსტიტუციო სასამართლოს, „სასამართლოს მეგობრის“ პოზიციით მიმართეს.