გიორგი დუნდუა - რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის მოთხოვნაა უწყვეტი სამედიცინო სამკურნალო პროცესის შენარჩუნება თანამშრომელთა უკლებლივი შენარჩუნებით
გიორგი დუნდუა - რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის მოთხოვნაა უწყვეტი სამედიცინო სამკურნალო პროცესის შენარჩუნება თანამშრომელთა უკლებლივი შენარჩუნებით

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის ოთხთვიანი მოღვაწეობა შეიძლება, შეფასდეს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ცუდ მმართველობად კლინიკის ისტორიაში, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ის ჩვენი კლინიკის დირექტორი გახდა, მან კლინიკის გუნდისგან, თითოეული ჩვენგანისგან მიიღო ძალიან დიდი მხარდაჭერა; ჩვენ მას ყველა გვერდით ვუდექით და ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კლინიკას გაუძღვებოდა, კლინიკას სამშვიდობოს გაიყვანდა და ძალიან წარმატებულ კლინიკად ჩამოყალიბდებოდა. დაპირებაც ასეთი იყო, როდესაც ის ამ თანამდებობაზე წარადგინეს, მაგრამ სულ საპირისპირო მივიღეთ. მისი ოთხთვიანი მოღვაწეობა შეიძლება, შეფასდეს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ცუდ მმართველობად კლინიკის ისტორიაში. საქმე იქამდე დადგა, რომ კლინიკაში განვითარდა არნახული კრიზისი. არ ვიცი, რამდენად გახსოვთ კადრები, როდესაც მან სრული ტყუილი განაცხადა, ჟურნალისტები კლინიკის სარდაფში ჩაიყვანა და საზოგადოებას უმტკიცებდა, თურმე ამ პირობებში გვიწევს მუშაობა და ამ პირობებში ვმკურნალობთ პაციენტებს. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ამაღელვებელი და გამაბრაზებელი იყო“, – განაცხადა დუნდუამ.

მისი თქმით, გარდა ამისა, ზაზა ავალიანი კლინიკის თანამშრომლებს არ აწვდიდა ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ და თანამშრომლებს რჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ მას პერსონალისთვის ბევრი ჰქონდა დასამალი და არ ატარებდა მათ ინტერესებს, რაც მისი უპირატესი მოვალეობა იყო.

„ის იყო ჩვენი დირექტორი, იქ მომუშავე ადამიანების, თუმცა ჩვენ ეს ვერ დავინახეთ და, შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ და დავაყენეთ საკითხი ერთსულოვნად. ყველა თანამშრომელი იზიარებს ამას და ბატონ ზაზას კლინიკაში აღარ მოესვლება“, – განაცხადა დუნდუამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მიზანი თუ ინტერესი შეიძლება, ჰქონოდა ზაზა ავალიანს და რითი ხსნის მის მოქმედებებს, გიორგი დუნდუამ განაცხადა, რომ არ სურს, ადამიანს რამე დააბრალოს, მაგრამ ჩანს, რომ ეს ყველაფერი დავალებული იყო, რადგან სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს.

შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს ზაზა ავალიანს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, გიორგი დუნდუამ განაცხადა, რომ ზაზა ავალიანის პოზიცია ემთხვევა ჯანდაცვის მინისტრისა და მთავრობის გაცხადებულ პოზიციას.

„თავიდან საერთოდ გვიმალავდა ამ ფაქტს და რაღაც გაურკვეველი ინფორმაციებით გვამშვიდებდა, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, მან ყველაფერი კარგად იცოდა და რაღაც მოსაზრების გამო არ გვაწვდიდა ინფორმაციას. მისი პოზიცია იყო აბსოლუტურად იგივე და ის ერთმნიშვნელოვნად იზიარებდა იმ პოზიციას, რომ მომავალში, ასე სამი თუ ოთხი წლის მერე სადღაც შევალთ და ავყვავდებით“, – განაცხადა დუნდუამ.

გიორგი დუნდუამ ასევე განაცხადა, რომ კლინიკის თანამშრომლებმა ჰოლდინგის დირექციასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„ჩავედით, მივედით, მაგრამ არავინ არ დაგვხვდა და კვლავ არავინ არ გვხვდება. იგივე პრობლემაა ჰოლდინგის დირექციასთან. ჩვენთან ურთიერთობას რატომღაც ყველა გაურბის და ყველა თავს იკავებს ურთიერთობისგან, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა დუნდუამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ მოჰყვა ასეთი ვნებათაღელვა კლინიკის ახალ კონცეფციას, რომელიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, გიორგი დუნდუამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არც მხოლოდ შენობაა და არც მხოლოდ რიგითი კლინიკა, არამედ ის არის თანამედროვე საქართველოს მედიცინის ისტორია და აკვანი, სადაც მუდმივად იზრდება სამედიცინო თაობები.

შეკითხვაზე, რატომ არის კლინიკის თანამშრომლებისთვის მიუღებელი ახალი შენობის აშენება და რატომ არ დაელოდნენ ისინი ახალ კონცეფციას, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა იქნას წარმოდგენილი, დუნდუამ აღნიშნა, რომ მათ ორ თვეზე მეტია, არავინ გასაუბრებია, თუ რას აპირებენ, როგორ და რატომ.

ამასთან, გიორგი დუნდუამ აღნიშნა, რომ უპრობლემოდ შეიძლება ცალკეული ფლიგელის, მით უმეტეს, ნახევარი შენობის, შემდეგ კი მეორე ნახევრის გარემონტება, რისი არაერთი პრაქტიკაც არსებობს.

„მეორე, თუ ახალი შენობა იმავე ადგილზე უნდა აშენდეს, სანამ არ აშენდება, ამ შენობის დანგრევას და იქიდან ექიმების გაშვებას რა აზრი აქვს? ორწელიწად-ნახევარში აშენდეს ახალი შენობა და რომ დამთავრდება მშენებლობა, გადავალთ იმ ახალ შენობაში“, – განაცხადა გიორგი დუნდუამ.

მისივე თქმით, კლინიკის პერსონალის მოთხოვნაა უწყვეტი სამედიცინო სამკურნალო პროცესის შენარჩუნება თანამშრომელთა უკლებლივი შენარჩუნებით.