გიორგი ცუცქირიძე - ქვეყნის 14-წლიანი შეფასების მანძილზე, მსოფლიო ბანკმა საქართველოში ბიზნესის დაწყება პირველად შეაფასა საუკეთესოდ
გიორგი ცუცქირიძე - ქვეყნის 14-წლიანი შეფასების მანძილზე, მსოფლიო ბანკმა საქართველოში ბიზნესის დაწყება პირველად შეაფასა საუკეთესოდ

ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ქულები არც ერთ ინდიკატორში არ შემცირებულა, მხოლოდ გაუმჯობესდა და შენარჩუნდა, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ოქტომბერში სამი მნიშვნელოვანი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურად შეფასდა.

„თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში შევიდა. შემდეგ წამყვანმა სარეიტინგო კომპანიამ S&P ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გააუმჯობესება BB- დან BB მდე, სტაბილური პერსპექტივით, რითაც პრაქტიკულად მივუახლოვდით გაცილებით მაღალ საინვესტიციო რეიტინგს. სწორედ ამ დადებითი ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთება – 2020“ რეიტინგში გაუმჯობესებული პოზიციაც. საქართველო კვლავ ბიზნეს გარემოს გამაუმჯობესებელ, წარმატებულ ქვეყანათა ტოპ ათეულშია. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სარეიტინგო ქულა 0.2 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის რეიტინგის მიხედვით, საქართველო 2020 წელსაც ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის 23 ქვეყანას შორის კვლავ ლიდერია და პირველ პოზიციაზე იმყოფება“, – წერს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ რეიტინგის 10 ინდიკატორიდან ქულები გაუმჯობესდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ხოლო საქართველო რეიტინგში სამი ინდიკატორის მიხედვით, რაც დიდწილად განსაზღვრავს საინვესტიციო მიმზიდველობას, მსოფლიოს წამყვან 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის.

„ეს ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება (მე-2 ადგილი), ქონების რეგისტრაცია (მე-5 ადგილი) და მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი). აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ქვეყნის 14 წლიანი შეფასების მანძილზე მსოფლიო ბანკმა საქართველოში ბიზნესის დაწყება პირველად შეაფასა საუკეთესოდ – მხოლოდ ერთი პროცედურით და იმავე დღეს ანუ საქართველოში ბიზნესის დაწყება მხოლოდ ერთი პროცედურით იმავე დღეს არის შესაძლებელი. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის 2 პოზიციით დაწინაურება გადასახადების გადახდის ინდიკატორში, სადაც საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა. საქართველოს საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების სიმარტივე, მათ შორის დღგ-ს რეფორმა, უზრუნველყოფს გადასახადის გადახდის კომპონენტში მნიშვნელოვან წინსვლას, რაც განპირობებულია საგადასახადო ანგარიშგებისთვის საჭირო დროის შემცირებით. სწორედ ნაკლები დრო ნიშნავს გამოთავისუფლებულ რესურსს და ახალ შესაძლებლობებს ინოვაციური მიდგომების დანერგვისკენ, რაც ქართული კომპანიების განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია ქვეყნის სარეიტინგო ქულების გაუმჯობესებები რეიტინგის ინდიკატორების რაოდენობის თვალსაზრისით. 2020 წლის შეფასებით საქართველოს ქულები არცერთ ინდიკატორში არ შემცირებულა, მხოლოდ გაუმჯობესდა და შენარჩუნდა“, – წერს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგის ინდიკატორებში ასახული წინსვლა ადასტურებს საერთაშორისო შეფასებებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა.

„ამავე დროს, ქვეყანაში მიმდინარე სისტემური რეფორმები, სახავს კარგ პერსპექტივებს, რომ უკვე უახლოეს წლებში ქვეყნის საერთაშორისო პოზიცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც პოზიტიურად აისახება ინვესტიციების გაზრდილ ნაკადებზე, დასაქმებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე მთლიანად“, – წერს ცუცქირიძე.

ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

დატოვე კომენტარი