გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის რყევა პირდაპირ არის დაკავშირებული 20-21 ივნისის მოვლენებთან
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის რყევა პირდაპირ არის დაკავშირებული 20-21 ივნისის მოვლენებთან

ლარის კურსის რყევა პირდაპირ არის დაკავშირებული 20-21 ივნისის მოვლენებთან, – ამის შესახებ საფინანსო საკითხებში ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება ნეგატიური მოლოდინების გამომწვევია.

„კურსმა რყევა დაიწყო 25 ივნისის შემდეგ, მანამდეც ხდებოდა გაუფასურება, მაგრამ პირდაპირ არის დაკავშირებული 20-21 ივნისის მოვლენებთან. რეალურად აქ საქმე გვქონდა რევოლუციურ სცენართან. სიტუაცია იყო რევოლუციური, დაკავებები და კადრები ადასტურებს ამ ფაქტს. ეს არის დიდი ნეგატიური მოლოდინების შემქმნელი, ადამიანები უყურებენ, რომ შეიძლება, რევოლუციური ცვლილებები მოხდეს. ამ მოლოდინებს აქვთ ძალიან ნეგატიური გავლენა. იმის შიშით, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება, მოქალაქეები იწყებენ უცხოური ვალუტის შეძენას, სწორედ ეს მოქმედებს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ამასთან, ექსპერტი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხსაც გამოეხმაურა.

„ვხედავთ ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, ეს სისხლის სამართლის კუთხით მძიმე მუხლებია, რომელიც დიდი ოდენობით თანხის უკანონო ლეგალიზაციას ეხება. მანამდე პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე იყო ძიებაში ფულის შესაძლო უკანონო ლეგალიზების კუთხით, დღეს უკვე ბრალდებაა წაყენებული. სასამართლოში უნდა გაირკვეს, რამდენად მყარია პროკურატურის არგუმენტაცია. ლოგიკურ ფინალამდე ხომ უნდა მისულიყო. სასამართლოზე გაირკვევა, იყო ის, რასაც პროკურატურა ამბობს თუ ის, რასაც ადვოკატი ამბობს“, – განაცხადა ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.