გიორგი ჩუბინიძე – ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ ვერ შევძლებ „ბორნმუთის“ მთავარ გუნდში დაწინაურებას #1TVSPORT
გიორგი ჩუბინიძემ კომენტარი გააკეთა პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმებაზე ინგლისის პრემიერლიგის „ბორნმუთთან“, რომლის აკადემიაშიც 12 წლიდან ვარჯიშობდა.
18 წლის გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძე ინგლისში, ვინჩესტერში პორტუგალიელი დედისა და ქართველი მამის ოჯახში დაიბადა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფორმით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშა.
„ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მომენტია. მრავალ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, მაგრამ უპირველესად – ღმერთის.
მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას. დიდი ხანია „ბორნმუთში“ ვარ და ვხედავ როგორც ჩემს, ასევე კლუბის პროგრესს. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება.
დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და დიდი მიზნებიც მაქვს. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ ვერ შევძლებ პირველ გუნდში დაწინაურებას“, – ამბობს გიორგი ჩუბინიძე.
კომენტარი „ბორნმუთის“ აკადემიის მენეჯერმა სემ გისბორნმაც გააკეთა და ქართველი ტალანტი შეაქო: „გვიხარია, რომ გიორგიმ ჩვენთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. მან გასული სეზონი „დორჩესტერში“ იჯარით გაატარა და ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. აჩვენა თავისი კლასი, შრომისმოყვარეობა და წინსვლის სურვილი. მოუთმენლად ველით, რომ ახალ სეზონშიც იგივეს ვიხილავთ“.