გიორგი ჩიქოვანი - მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოვუწოდებ, რადგან ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება
გიორგი ჩიქოვანი - მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოვუწოდებ, რადგან ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება

როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულები ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე, ელექტრომომარაგებასა თუ გაზით მომარაგებაზე, რამდენჯერ გაგვეთიშა ერთდროულად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოში შეჩერებულია ჰესების უდიდესი ნაწილის მშენებლობა. ჩიქოვანის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ ჰესები არ აშენდეს.

„უმჯობესია, ჩვენ ვლაპარაკობდეთ, კონკრეტულად რომელ ადგილზე როგორი ჰესები აშენდეს, როგორ შევარბილოთ მისი გავლენა გარემოზე, მაგრამ „არ აშენდეს ჰესი“ – ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი ინფორმაციით, ინვესტორი უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. იყო საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრები, თუმცა გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, გუშინ მოხდა პროვოკაცია.

„ვფიქრობ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მიმაჩნია, რომ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა“, – აღნიშნა ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავატიანი ჰესი აბსოლუტურად უსაფრთხოა.

„20 მეგავატიანი ჰესი რომ დგას ორთაჭალაში, ვინმე გრძნობს რაიმე ზიანს? თუ 5-მეგავატიანი ჰესი საფრთხის შემცველია, მაშინ უნდა დავანებოთ თავი ყველაფრის მშენებლობას, აღარ უნდა გამოვიყენოთ ელექტროენერგია და ვიცხოვროთ დენის გარეშე“, – განაცხადა ჩიქოვანმა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კონსტრუქციულად წამოვიდეს დიალოგზე ინვესტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რადგან ეს რომელიღაც კომპანიის ბიზნესინტერესი კი არა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა.

მისი შეფასებით, კეთდება უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.